"უკრაინისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

უკრაინისთვის - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ პროტესტს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები უერთდებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დუმილი დანაშაულია და უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა. 

"საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში არ ახმოვანებს საქართველოს მოქალაქეების პოზიციებს, ერთ-ერთი მიზანი ამ აქციების არის ის, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მეგობარს, უკრაინას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია მათი დახმარება 2008 წლის ომის დროს, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი "მხარდამჭერი რეზოლუციით", დუმილით, წყალს ასხამს მხოლოდ კრემლის ინტერესებზე, რითიც აზიანებს საქართველოს უსაფრთხოების საკითხსაც, ვინაიდან, უკრაინაში წყედება საქართველოს მომავლის ბედიც", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ. 

აქციის მონაწილე ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს უკრაინის მხარდამჭერი ერთი ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რაც "არგაღიზიანებისა და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გაგრძელებაა, სადაც საქართველომ "ქართული ოცნების" ხელით ღირსება დაკარგა". მისივე თქმით, "ოცნების" დუმილი საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს. 

ცნობისთვის, თბილისის გარდა უკრაინის მხარდამჭერი აქცია რეგიონებშიც გაიმართება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი