რუსეთი და ბელარუსი სამხედრო წვრთნებს, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ - ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა ისაუბრა.
Reuters-ის ცნობით, მინისტრი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდისა და დონბასის რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო მიიღეს.
"ზოგადად, წვრთნების მიზანი უცვლელი დარჩება - ის შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადეკვატური რეაგირება და დეესკალაცია ჩვენს საერთო საზღვრებთან", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
ნატო-ს ინფორმაციით, წვრთნების ფარგლებში რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი და შეუძლია, ისინი უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.