ხმაური და დაპირისპირება იყო ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან. „შეცვალეს“ აქტივისტები ბერაიას ოფისში თოჯინებით და საპროტესტო სტიკერებით მივიდნენ.
ადგილზე მისული სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ სიტყვებს „შეცვალე მონა“. მათ ოფისში შესვლაც სურდათ და შენობის შიგნით სტიკერების გაკვრასაც გეგმავდნენ.
აქტივისტებმა დეპუტატის ბიუროსთან სათამაშო ცხენიც მიიტანეს, რაც მათი თქმით, იმას მაჩვენებელია, რომ დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილის მონაა. ახალგაზრდების თქმით, პროპორციული სისტემის ჩაგდებით და მოქალაქეების წინააღმდეგ ხმის მიცემით ბერაიამ დაამტკიცა, რომ არის ივანიშვილის მონა და ხალხის წინააღმდეგ მიდის.
„არ მოგვეცა საშუალება, საჯარო დაწესებულებაში რომ შევსულიყავით, წინააღმდეგობა გაგვიწიეს ადგილობრივმა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა. არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი სამოქალაქო პროტესტი დაგვეფიქსირებინა, შეგვეტანა სიგელი და მედალი, რაც სიმბოლურად გამოხატავს იმ ნეპოტიზმს, რომელიც გამეფებულია მათ შორის ხობში. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული არიან ადგილობრივი ფეოდალის, დაჩი ბერაიას, ბიძინას შიკრიკის, ახლო ნათესავები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციამ ბიუროს თანამშრომლები გააღიზიანა, რომლებიც შენობის გარეთ გამოვიდნენ და ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. „შეცვალეს“ წევრებს ასევე დაუპირისპირდნენ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.
დაჩი ბერაიასთან შეხვედრის შესაძლებლობა „შეცვალეს“ წევრებს არ მიეცათ, რადგან ბიუროს თანამშრომლების ინფორმაციით, მაჟორიტარი შენობაში არ იმყოფებოდა.