ჩვენ ისევ გვისმენენ - სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს იურიდიულ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. ლონდა თოლორაიას უწყების გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უკანონო მიყურადების ფაქტების რაოდენობა გაზრდილია.
მოსმენის პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, ქუჩებში, სხვადასხვა კერძო ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოქალაქეების მოძრაობასთან ერთად, მათ საუბრებსაც სრულად იწერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსმენების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოსახლეობის მომართვიანობის სიხშირეც.
ლონდა თოლორაია კერძო ობიექტებს მოუწოდებს, თავად და დროულად მოახდინონ რეაგირება და არ დაელოდონ ინსპექტორის სამსახურს.
ინფორმაციის გასაჯაროვების პრობლემა თანაბრად აქტუალურია საჯარო უწყებებისთვის, ასევე კერძო უწყებებისთვის. ძირითადად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შეცდომების დაშვება ხდება მონაცემების გასაჯაროების დროს. ასევე გვაქვს გამოწვევები ვიდეო თვალთვალის მიმართულებით, ეს ეხება ძირითადად კერძო შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეოსათვალთვალო სისტემებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს ვიდეოკამერები იწერენ არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ ხმასაც, - ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მკაცრი მითითება მისცა აღნიშნულ ორგანიზაციებს, ასეთი თვალთვალის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ანგარიშში მოხვდა ასევე საჯარო სკოლებში მოზარდებზე განხორციელებული არასწორი თვალთვალის ფაქტებიც. დაფიქსირდა სკოლების სველ წერტილებში, სკოლის ფერეფნებსა და საპირფარეშოებში მოზარდებზე თვალთვალის შემთხვევები. ლონდა თოლორაიამ ისაუბრა დაღუპული ლუკა სირაძის შემთხვევაზეც, რომელზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოც გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სამართალშია მიცემული.
ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც ეს პირი იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული, არის გამოწვევები არასრწულოვანთან პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, ეს გამოწვევები შეეხება საგანმანათლებლო სისტემას, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს, - აცხადებს ლონდა თოლორაია.
იურიდიული კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში ყველაზე დიდი ნაწილი მოსმენებსა და ფარულ მიყურადებებს ეთმობა.