"ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან... ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ, მათ შორის, ეს მკურნალობა ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში, საიდანაც რუსთავის ციხეში უარეს მდგომარეობაში მყოფი დამაბრუნეს, ვიდრე აქედან გამიყვანეს.
სხვათაშორის, გორის ჰოსპიტლის ფაშისტი დირექტორი, მალხაზ ურთმელიძე, ნამდვილი ჯალათი, გუშინ საღამოს, ჩემი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, ეგრევე დანიშნეს ციხეების სამედიცინო სამსახურების უფროსად. ამიტომ, ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი, - წერს მიხეილ სააკაშვილი.