ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში უპატრონო ძაღლების ხოცვა დაიწყო - უფლებადამცველების ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ათეულობით მიუსაფარი ძაღლი, რომელთა დიდ ნაწილზე მოქალაქეები ზრუნავდნენ, უკვე დაიჭირეს და გააქრეს. მათი თქმით, სააგენტო, რომელსაც მერია ყოველწლიურად ოთხ მილიონამდე ლარს უპატრონო ცხოველების აცრისა და კასტრაციისთვის უხდის, თანხის თითქმის 90%-ს ხელფასებში ხარჯავს და რეალურად, ცხოველთა მასობრივი ხოცვითაა დაკავებული.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, რომ კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცოფის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სააგენტოს კანონი ავალდებულებდა, ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი ძაღლები თავშესაფარში გადაეყვანა, რიგ შემთხვევაში კი ისინი დაეძინებინა კიდეც.
იმას, რასაც სააგენტოში მოქალაქეებზე ზრუნვას ეძახიან, ცხოველთა დამცველები სისასტიკედ თვლიან. ამბობენ, რომ რეალური პრობლემა სულ სხვაა. მათი თქმით, კოვიდპანდემიის დროს, როცა ქვეყნის მასშტაბით რესტორნების უმრავლესობა დაიკეტა, თბილისის ახლოს მდებარე ქალაქებში მიუსაფარი ძაღლები საკვების მოპოვებას ვეღარ ახერხებდნენ, რის გამოც თბილისამდე ჩამოაღწიეს. ქალაქში ბევრი უპატრონო ძაღლის გამოჩენის შემდეგ შეწუხებული ქალაქის მერია კი სააგენტოს პირდაპირ ავალებს, ქუჩის ძაღლები მოაშოროს. ცხოველთა დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ამისთვის ერთი ცხოველის ცოფით ინფიცირება სხვა მიუსაფარი ძარლების დახოცვისთვის გამოიყენეს.
ცხოველთა დამცველებისა და მიმკედლებლების განმარტებით, ეს ეჭვი განსაკუთრებულად ლეგიტიმურია იმ ფონზე, როცა მონიტორინგის სამსახურს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური, ლაბორატორიულად დადასტურებული დოკუმენტი, რომ ქალაქში დაჭერილი და შემდეგ გამქრალი ათეულობით ცხოველიდან ცოფი ერთის გარდა სხვებსაც დაუდგინდათ. ცხოველთა დამცველები ფიქრობენ, რომ მილიონობით ლარის დაფინანსების მქონე სააგენტო მიუსაფარ ძაღლებს ისევ არ გადააცრის და მათ მასობრივ ხოცვას გააგრძელებს.