უკრაინაში განვითარებული უმძიმესი მოვლენების პარალელურად, ვითარება სულ უფრო საყურადღებო ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დილიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. საპოლიციო კონტროლის გაძლიერებას წინ სეპარატისტული რეჟიმის პროვოკაციული განცხადებები უძღოდა.
ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები ამბობენ, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არ არის მიღებული და იმ შემთხვევაში, თუ სუს-სა და მედიას შორის მოხდება მოლაპარაკება, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება.
მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს სოფლებში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. სუს-მა გადაწყვეტილების მიზეზი არ განმარტა.
სოფლებში არ შეუშვეს ანტისაოკუპაციო მოძრობის ლიდერი, დათო ქაცარავაც. ის ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმისთვის კომფორტული გარემო იქმნება.
გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები გამყოფ ხაზთან მდებარე რეგიონში. ცოტა ხნის წინ "მთავარმა არხმა" მიიღო ინფორმაცია, რომ სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების და სეპარატისტების მობილიზება შეინიშნება.
შეგახსენებთ, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 24 თებერვალს ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და თქვა, რომ მზად უნდა იყვნენ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის. მან სპეციალური საოპერაციო შტაბიც შექმნა, რომელსაც თავადვე უხელმძღვანელებს.