ვარკეთილის ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. ასევე, საუბრობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ბაზრობის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარებდა, რასაც შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოეწვია და ხანძრის მიზეზი გამხდარიყო.
მიმდინარეობდა საერემონტო სამუშაოები. ყველა ინდივიდუალურად აწარმოებდა. ვერ გაუძლო სადენებმა, მოხდა მოკლე ჩართვა და ამის შედეგად მოხდა ყველაფერი, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეების ინფორმაციით, შენობაში არსებული თითქმის ყველა მაღაზია განადგურებულია. მათივე თქმით, თითოეულის ზარალი რამდენიმე ათას ლარს სცილდება.
დაზარალებულები დამწვარი შენობის აღდგენას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყველაფერს ისევ ნულიდან დაიწყებენ.
აღადგინონ ბაზარი და ვიმუშავებთ. ნულიდან როგორც დავიწყეთ, დავიწყებთ ისევ, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდაცველების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა. მოვაჭრეები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. ხმაურის დროს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დაზარალებული.