ხანძარი ვარკეთილში - ბაზრობის ადმინისტრაცია ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა. უსაფრთხოების მიზნით შენობაში ისევ არ უშვებენ მოვაჭრეებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლებისგან დამაიმედებელ პასუხს ვერ მიიღებენ, ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას ისევ შეეცდებიან.
შიგნით არ შეგვიშვეს რომ საქონელი გამოგვეტანა. მოგვაცილეთ ეს პოლიცია აქედან! არ გვინდა ეს პოლიცია აქ! გადაგვაკეტინეთ გზა, რომ მოვიდეს ვიღაცა და პასუხი გაგვცეს! რას გვიპირებენ, გაგვაგებინონ მაინც! - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
ცოტა ხნის წინ მოვაჭრეებს სამგორის რაიონის გამგებელი შეხვდა. მისი თქმით, შენობაში სპეციალური სამსახურები მუშაობენ,სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოვაჭრეებს პერიმეტრზე შესვლის ნებართვა მიეცემათ.
შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. როცა შევლენ და დაიწყება დათვლა, მას შემდეგ შეგვიძლია ზარალზე ვისაუბროთ. შევლენ და ნახავენ, თავისთავად. რაც გადარჩენილი არის, იმას არავინ გაანადგურებს, პირიქით, დაცულია ტერიტორია. ვერსიებზე მე ვერაფერს გეტყვით, სანამ შებსამისი სამსახური არ დადებს დასკვნას, - განაცხადა კახა სამხარაძემ.