დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები, ამ დრომდე კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპანსაციას და როდის შეძლებენ ტერიტორიაზე შესვლას. ბაზრობის ადმინისტრაციის და სამგორის რაიონის გამგებლის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ადმინისტრაცია მოვაჭრეებს წლის ბოლომდე იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს. ასევე, მათი თქმით, ბაზრობის გარშემო აქვთ ტერიტორია, სადაც მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
შეთავაზება იყო გამგებლის წარმომადგენლის მხრიდანაც, რომლის თქმითაც, დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებაში დაეხმარებიან, თუმცა უცნობია რა ფორმით მოხდება ეს.
შეთავაზებების მიუხედავად, დაზარალებულ მოვაჭრეებს არც მთავრობის წარმომადგენელი და არც ბაზრობის ადმინისტრაციის წარომადგენელი არ შეხვედრია.
უშუალოდ უნდა იყოს შეთანხმება. ასე, შუამავლების მეშვეობით არ გამოვა. აქ ყველაისეთები ვართ, ვისაც მუშაობა გვინდოდა და პურის ფული მიგვქონდა სახლში, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ხანძრის ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზალიკო უდუმაშვილიც. უდუმაშვილმა ხელისუფლებას დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდა.
ჩვენ ვნახეთ თბილისში დაახლოებით 20-მდე ბაზრობა დამწვარი, სადაც არანაირი დასკვნა არ ყოფილა და გამოძიების შედეგიც არ გვინახავს. ასე რომ, თუ რაღაც ეჭვი არსებობს ამის საფუძველიც არის. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ის, რომ შეხვდეს ამ ხალხს და უთხრას, რით აპირებს დახმარებას, იმიტომ, რომ ამ პანდემიის პირობებში, ამ გაუსაძლის პირობებში კიდევ ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩენილი, რომელსაც დარჩება უამრავი ვალები, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ გაუბედურებულ ოჯახს მივიღებთ ჩვენს ქვეყანაში,- განაცხადა უდუმაშვილმა.