თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, უკრაინის დასახმარებლად სახაზინო ანგარიში გაიხსნება, სადაც მოქალაქეები თანხის ჩარიცხვას შეძლებენ.
"იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია: 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს", - თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისში შერჩეულია კონკრეტული ადგილებიც, სადაც უკრაინაში გასაგზავნად პროდუქტების მობილიზება იქნება შესაძლებელი.
"თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.