კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ პანიკას და ამასთან ერთად ჩინელების მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს თბილისში ეხმაურებიან.
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პანიკა უსაფუძვლოა, რადგან ყოველწლიურად ჩვეულებრივი, სეზონური გრიპით ბევრად მეტი ადამიანი იღუპება.
„კორონავირუსის ირგვლივ ამჟამად ცოტა უფრო მეტი აჟიოტაჟია, ვიდრე რეალური საფრთხე. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სიფხიზლე, მეტი ინფორმირებულობა, მაგრამ ეს არ უნდა დაემსგავსოს ისტერიას იმიტომ, რომ ყოველწლიურად გრიპის ეპიდემიებს, რომელზეც ასეთი პანიკა არ არის, უფრო მეტი მსხვერპლი აქვს ხოლმე, უფრო მეტი ჰოსპიტალიზაცია აქვს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
პანიკასთან ერთად ქვეყანაში იმატა ასევე ჰომოფობიური და რასისტული შინაარსის განცხადებებმა, რომლის დიდი წილი, ძირითადად ჩინეთის მოქალაქეებზე მოდის. მსგავსი შინაარსის კომენტარები უმეტესწილად სოციალურ ქსელში ვრცელდება.
EMC-ის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რასისტული შინაარსის განცხადებები ნამდვილად საგანგაშოა, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ჩვენ ვხედავთ მუდმივად მოწოდებებს ჩინელებისგან თავის დაცვის, მათი იზოლაციის ან გაყრის შესახებ, რომელიც ვფიქრობ, რომ არაჰუმანური განცხადებებია და ის მკვეთრად შეიცავს რასისტულ შინაარსს. დარწმუნებული ვარ, იგივე ტიპის ვირუსი და კრიზისი სხვა, დასავლურ საზოგადოებაში თუ შეიქმნებოდა, ამაზე ადამიანები სათანადო რეაგირებას არ გააკეთებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ აქ პრობლემა არა კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფში ან რასაშია, არამედ გლობალური ჯანდაცვის და სიღარიბის საკითხებში“, - განაცხადა მიქელაძემ.
კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას საზოგადოება რომ არ უნდა აჰყვეს ამაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. მათ შორის პაატა იმნაძემ საზოგადოებას „ნერვების დამშვიდებისკენ“ მოუწოდა.
ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს ორ მოქალაქეს აკვირდებიან, რომელთა გენეტიკური მასალა კვლევებისთვის საზღვარგარეთ არის გადაგზავნილი.