აქციაზე დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან - სასამართლო, სავარაუდოდ დღეს არ იქნება

გამოქვეყნდა:

გუშინ ღამით მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტები წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. სასამართლო დღეს, სავარაუდოდ, არ გაიმართება და დაკავებულებს პატიმრობაში ყოფნა 48 სააათი მოუწევთ.

დაკავებულებს შორისაა "მთავრი არხის" ჟურნალისტი ბაჩი ვალიშვილი, რომელიც ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, აქციის კიდევ 8 მონაწილე კი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი მაშინ დააკავეს, როცა უკვე სახლში წასასვლელად ემზადებოდნენ. პოლიცია მათ წინააღმდეგობასა და სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ყველა დაკავებულს დღეს ადვოკატი მოინახულებს. 

"ვაგროვებთ მტკიცებულებებს, დაკავების კადრებს, რაც ეთერში გადიოდა. იმედია, სასამართლო დღეს მიმართავს შსს-ს და არ გამოიყენებს 48-საათიან ვადას, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს და უკვე პრაქტიკად იქცა. დღეს უქმე დღეა და ვვარაუდობთ, რომ დღეს სასამართლოს არ მიმართავს", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, აქციაზე წუხელ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად მისულმა აქტივისტებმა კანცელარიის შენობას ტუალეტის ქაღალდი ესროლეს და ფქვილი შეაყარეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან 12 აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი