საქართველოს დესტაბილიზაციის რუსული გეგმა - ასეთი განცხადება კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მესამე სექტორმა დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ასეთი ფაქტი მოხდებოდა, ეს იქნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩარევა.
იკვეთება რუსული ინტერესები, იკვეთება იმის ნიშნებიც, რომ ეს შესაძლოა იყოს სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორისტული აქტის მცდელობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია, რომ ამ გამოძიების შედეგები იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, - აცხადებს იგი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საჭიროა პარლამენტში დახურული მოსმენის ჩატარება, სადაც დეპუტატები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გამოიყენოს ყველა საკომუნიკაციო არხი საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააგებინოს, რომ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში გამოჩნდეს პარლამენტიც, რადგან პარლამენტს აქვს შესაბამისი როლი და ფუნქცია, - ამბობს ეკა გიგაური.
საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოძიება ეფექტურად და ბოლომდე იყოს მიყვანილი და ხელისუფლებამ უზრუნველყოს ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანოები იქნებიან ეფექტური. ეს არ არის ერთი ყოფითი შემთხვევა, თუ იგეგმებოდა ამ ქვეყნის მოქალაქის ლიკვიდაცია, მთავრობის რეაქცია უნდა იყოს მკაცრი და მკაფიო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ, - ამბობს სალაძე.
არასამთავრობო სექტორის მკაცრი მოთხოვნით, გამოძიება სრულიად გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.