აჭარის ტელევიზიაში საკადრო წმენდა გრძელდება - მაუწყებელი ნათია ზოიძემ დატოვა

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიაში საკადრო წმენდა გრძელდება. თანამდებობა დატოვა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მისი განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ზოიძე მაუწყებლიდან წამოსვლის მიზეზებზე ვრცლად წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ამბობს რომ მას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. ნათია ზოიძის თქმით, ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ზოიძე წერს, რომ გიორგი კოხრეიძე არასასურველ კადრებს რეორგანიზაციით თავიდან იშორებს და ამ გზით ცდილობს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას, მედიაექსპერტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ კრიტიკულ მედიის ხმის ჩახშობას ცდილობს. 

"აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები არის პირდაპირი გამოხმაურება რაც ქვეყანაში, მედიაგარემოში მიმდინარეობს. ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული, ან ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი სარედაქციო მედიის მქონე მაუწყებლის მიმართ არის მიუღებელი. ეს არის ეტაპი, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდებას" აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.

"ყველა კვლევით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებული იყო. თქვენ არხთან, ფორმულასთან და ტვ პირველთან ერთად ის გამონაკლისია, რომელსაც ვერ აკონტროლებდა აქამდე ხელისუფლება და ეს არის მცდელობა არჩევნების წინ  მოასუფთავონ საინფორმაციო ველი" აცხადებს თამარ კინწურაშვილი

შეგახსენებთ, რომ ნათია ზოიძე არ ყოფილა პირველი, რომელსაც აჭარის ტელევიზიის დატოვება მოუწია. რამდენიმე თვით ადრე აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნათი კაპანაძე იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კაპანაძეც ამ ყველაფერის პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებდა.

ნათია ზოიძეს საკუთარი უფლებების დასაცავად სარჩელი სასამართლოშიც აქვს შეტანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი