ირპენში, სადაც რუსულ აგრესიას ქართველი მებრძოლები ემსხვერპლნენ, საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. თანამებრძოლებმა ერთი დაღუპული სამხედროს ცხედრის გამოყვანა შეძლეს, ინტენსიური დაბომბვის გამო, მეორე ცხედართან მიახლოება ვერ ხერხდება.
სამხედროების ცნობით, გია ბერიაშვილის ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. ისინი ყვებიან, რომ გუშინ გვიან ღამით ფრანგი სნაიპერისგან გაიგეს, ქართველების დაღუპვის შესახებ.
"ჩვენ ეს ამბავი გავიგეთ შემთხვევით. ერთ-ერთი ფრანგი სნაიპერები, რომელიც გამოვიდა როგორღაც გვითხრა, რომ ქართველები დაიხოცნენო. ჩვენ სხვა წერტილიდან მოვიხსენით ჩვენი ჯგუფი, როგორც კი გავიგეთ ქართველებიო და გავიქეცით, ფაქტობრივად 60 კილომეტრის იქით. ღამე იყო უკვე და მასობრივი დაბომბვა დაიწყო. დილით უკვე ქართველები, სხვა ბატალიონიდან, გამოცდილები ვინც არიან პირველ მიცვალებულამდე მისვლა მოახერხეს, მეორემდე ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ, მაგრამ გამოყვანით გამოვიყვანთ",- ამბობს ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე.
გარდაცვლილი სამხედროს, გია ბერიაშვილის ოჯახის წევრი, ლევან ნონიაშვილი ამბობს, რომ ბერიაშვილი უკრაინაში დაახლოებით 2 კვირის წინ წავიდა.
"როგორც ყველა ქართველი ვალად ვთვლით, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და უნდა დავუდგეთ გვერდზე. ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ახალი წასული იყო დაახლოებით 2 კვირის. მიუხედავად იმისა, რომ დავკარგეთ ასეთი ვაჟკაცი და მებრძოლი ადამიანი, შინაგანად სიამაყის გრძნობა არის",- ამბობს ლევან ნონიაშვილი.
რუსული აგრესიის ქართველი გმირები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ყოფილი სპეცრაზმელები იყვნენ და უკრაინაში მოხალისეებად იბრძოდნენ. თავდასხმის დროს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მხარშია დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილია, ასევე, ერთი ფრანგი მოხალისე.