ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოს 6 ქალაქში მოქალაქეები შეიკრიბნენ. პარტია "დროას" ორგანიზებით, თბილისში სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობს. აქციაზე მივიდა საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვიც.
აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე დაღუპული სამხედროების ფოტოსურათები მიიტანეს. შეკრებილები ქართველი გმირების ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.
"აუნაზღაურებელი ტრაგედიაა ეს მთელი საქართველოსთვის. ეს ბიჭები დაიღუპნენ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ომი აქ არ მოვიდეს და უკრაინაში, უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. ამიტომაც არის, რომ მთელი საქართველო გლოვობს. მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, აღარასდროს არაფერს არ გააკეთებთ და ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებთ და ერთი მაინც ქენით, რომ სამხედრო პატივით დავკრძალოთ ეს ადამიანების და ოჯახებს დახმარება მივცეთ", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა.
ცნობისთვის, თბილისის გარდა უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივის მისაგებად მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, სამტრედიასა და თელავში.
შეგახსენებთ, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი - ორი ქართველი მებრძოლი უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან.
ავტორი: ნატალია ჯახუტაშვილი