მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას აფასებენ. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
"ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, პოზიცია ეს არის თანაგრძნობა, სიყვარული და თანადგომა იმათ მიმართ, ვინც არის მსხვერპლი ამ ომის. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ოკუპაცია, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ არ მერიდება ამ სიტყვის ხმარება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
სასულიერო პირები იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებები უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება.
"არ შეგვიძლია, არ ვახსენოთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა დიდი მწუხარებით, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება და ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, არიან ქართველები", - ამბობს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, პატრიარქის მოსაყდრე შიო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პარაკლისი ჩატარდა. სამების ტაძარში პარაკლისს უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი ესწრებოდა.