უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გია ბერიაშვილი თემქის, დავით რატიანი კი ვარკეთილის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
მმართველი გუნდიდან დაღუპული გმირების პანაშვიდზე მხოლოდ თბილისის მერი, კახა კალაძე იყო მისული.
ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო. მან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და ოჯახებს ილია მეორის წერილი წაუკითხა.
შეგახსენებთ, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას 18 მარტს დაიღუპნენ.
19 მარტს, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომლის ჩამოსვენებაც ქალაქში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო. ტრაგედიის შესახებ ოჯახმა არ იცის, ამიტომ "მთავარი არხი" ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობას არ ასახელებს.