გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია - დაახლოებით ერთი საათია, მოქალაქეებმა გმირთა მოედანზე მისასვლელი გზები გადაკეტეს. ადგილზე ავტომობილები უძრავად დგანან და მოძრაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვთ.
გაჩერებულია მოძრაობა თამარ მეფის ხიდიდან პეკინისკენ მომავალ გზაზე, ასევე, ვარაზისხევსა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ აქციი მონაწილეებს მანქანის მძროლები შეუერთდნენ.
"10 ლარი გახადეს ბენზინი, ეს კი არა სულ უნდა გადაკეტონ მთელი თბილისი "ოცნების" ხალხი რომ ვერ გაინძრეს. ასე როგორ შეიძლება? ვმუშაობ მანქანაზე ბენზინს ვერ ვასხამთ. გავაჩერე მანქანა და შევუერთდი" ,- ამბობენ მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, იქიდან მსვლელობით ჯერ პარლამენტთან მივიდნენ, შემდეგ კი გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ. ისინი ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.
დედაქალაქის გარდა აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა., მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ოზურგეთში.
ავტორი: ნინო გიგაური