
"ოცნებამ" შუალედური არჩევნების გასაყალბებლად მზადება დაიწყო - ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, აჭარაში 1053 ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა ერთ ერთ საარჩევნო ოლქში. იმ ოლქში, რომელიც ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილმა დეპუტატმა მოიგო.
ოპოზიციამ დღეს იმ პირთა სია წარადგინა, ვინც 6-დან 16 მარტამდე დარეგისტრირდნენ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც გასულ არჩევნებში ხულოს, წალკისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტივობისკენ და საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს.
"მე დასაწყისშივე ვიცოდი თუ როგორ უთანასწორო, უსამართლო ბრძოლაში ვღებულობდი მონაწილეობას. ოცნება გადმოწერილი ადამიანებით ცდილობს გამარჯვებას"- ამბობს მათე ფუტკარაძე.
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მას ცესკოდან ახალი სიები არ მიუღია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რაოდენობა გაზრდილი იყოს, რადგან ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეცვალა რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
ენმ კომისიას სიების გადასახედად ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
შეგახსენებთ, ამ ოლქში 2 აპრილს არჩევნები იმართება და ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე იყრის. ამ არჩევნების შედეგები გადაწყვეტს საკრებულოს ბედს - იქნება ოპოზიციური, თუ უმრავლესობაში იქნება "ქართული ოცნება".
ავტორი: თეა ვაშალომიძე