"ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით... ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი" - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე საუბრობს.
ის თვლის, რომ უკრაინაში შეიძლება გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.
"მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობოლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით, ამაზე დავიფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად", -თქვა მან.
ის ასევე ამბობს, რომ რუსეთსა და პუტინს მხარს უჭერს.
"გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს "არას", პირიქით, ჩვენ ვამბობთ - "დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს". ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა" - ამბობს კოკოითი.
მის განცხადებას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.