ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკვე მეორე დღეა, სროლის ხმა ისმის. სოფელ ერგნეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სროლები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში იძულებით გაყვანილი საჯარისო ნაწილები გუშინ უკან დააბრუნეს. მათ სამხედრო წვრთნები უტარდებათ.
"ორი დღეა უკვე რაც ძალიან გააქტიურდა ვარჯიშები ცხინვალში. არის მასიური დაბომბვის იარაღის გამოყენების ხმა. ძალიან ცუდის მანიშნებელია. მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პროვოკაციას არ წამოგვაგონ რუსებმა. როცა დაიწყო ხალხის შემოსვლა, რუსების, ე.წ. დევნილების სახით, მაშინვე გამიჩნდა შიში, რომ რაღაც პროვოკაცია აუცილებლად დაიგეგმებოდა", - ამბობს ერგნეთში მცხოვრები მოქალაქე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სუს-ში ამბობენ, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა ნამდვილად ისმის. მათი ინფორმაციით, ე.წ. ძარწემის პოლიგონზე სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.