საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, ლევან მაჩაბლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია - ყოფილი სამხედროს ოჯახი დახმარებას ხელისუფლებასთან ერთად წითელ ჯვარს სთხოვს.
მაჩაბლის მეუღლე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაცია აქვთ და ეუბნებიან, რომ მის დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობენ.
მისივე თქმით, საქმეში წითელი ჯვარიც ჩართულია და ორგანიზაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ მაჩაბელს რამდენიმე დღეში მოინახულებენ.
"დაკავებულია მე-5 დღეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ყოველდღიურად გვიკავშირდებიან სუს-იდან და ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წითელი ჯვარიც ჩაერთო და რამდენიმე დღეში სავარაუდოდ მოინახულებენ როგორ არის",- ამბობს ვერიკო ხარაბაძე.
გამოგონილი ბრალდებებით, ცხინვალის ციხეში რჩება მამუკა ჩხიკვაძეც. ისიც მაჩაბლის მსგავსად, 2008 წლის ომის ვეტერანია. მისი ბედი ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. სასამართლოსაც არ უტარებს.
ტყვეობაში მყოფების თანამებრძოლები ხელისუფლებას აქტიურობისაკენ მოუწოდებენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ყოფილი სამხედროები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება უმოქმედობის რეჟიმშია და საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს.
"ჩვენ რომ ხელისუფკება გვყავდეს და არა კოლაბორაციონისტი, ისინი იქნებოდნენ სახლში", - ამბობს ყოფილი სამხედრო, პაატა შაქარაშვილი.
ცნობისთვის, ლევან მაჩაბელს არარსებული საზღვრის გადაკვეთას ედავებიან. გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში წერია, რომ ის, თითქოს, დივერსიის მოწყობას გეგმავდა. არარსებული საზღვრის კვეთას ედავებიან მამუკა ჩხიკვაძესაც. მათთან ერთად ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე.