წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციისა და ნაგვის ურნების პრობლემები წლებია მოუგვარებელი აქვს. მოსახლეობის განმარტებით, ხელისუფლება საარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, პრობლემას კი მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უგვარებს და გზასაც მათ უბანში აგებენ.
სოფელ ქვედა გეგუთის ასობით მოსახლე მძიმე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მათ არ მიეწოდებათ სასმელი და სარწყავი წყალი, სოფლის დიდ ნაწილში არ არის დაგებული ასფალტი და არ არის საკანალიზაციო ქსელი.
წყალტუბოს მერია სოფლის მოსახლეობის თხოვნაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარუდგინა ხალხმა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.
გზა არ გვაქვს, უყურადღებობაა, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს, ეს მთავრობა რაც მოვიდა, დაგვიყარეს ხრეში და მეორე არჩევნებამდე ეყარა. ასე ამბობენ, აქ ნაციონალები ცხოვრობენ და არ გინდათ თქვენ გზაო, - ამბობს სოფლის ერთერთი მცხოვრები.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ წყალტუბოს მერიის წარმომადგენელთა ნაცვლად, მათ პრობლემებს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა მოისმინეს და ხალხს დაპირდნენ, რომ 2020-ის არჩევნებში ახლანდელი მთავრობის დამარცხების შემდეგ ადგილობრივთა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.
აქცია დასრულებულია და სოფელ გეგუთის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.