ცა არ ჩანს - ბათუმელების ფანჯრებიდან ბეტონის ჯუნგლებია გადაშლილი

გამოქვეყნდა:

სახლი ზღვის ხედით -  ამ სიტყვებით მოხიბლულმა პაატა ტოშკუამ გადაწყვიტა საკუთარი ფანჯრიდან ზღვისპირა ქალაქის ულამაზესი ხედებით დამტკბარიყო. ტკბობა მალევე შფოთვამ ჩაანაცვლა, რომელიც ცხოვრებისეულ წუხილად ექცა. მან  დიდი ხნის ოცნება აისრულა, ბანკიდან სესხის აღება გარისკა და ბათუმში სანატრელი ბინა  შეიძინა. თუმცა, სასურველ სახლში ცხოვრება არასასურველი აღმოჩნდა. 

ზაფხულის სეზონიც მოვიდა და ადგილობრივები დამსვენებლების მოლოდინში არიან. სამსახურის გარეშე დარჩენილი ბინის მეპატრონე ჩვენთან საუბარში საკუთარ წუხილს გამოთქვამს. ტურისტების ნაკლებობას განიცდის, არც უკვირს. ვის მოუნდება დასვენება სახლში, სადაც ფანჯრიდან ბეტონის ხედი იშლება და თუ ზემოთ აიხედავს, ცის მხოლოდ ძალიან პატარა ფრაგმენტს შენიშნავს.

ერდათერთი შემოსავლის წყარო მქონდა ბინის გაქირავება. კარგად ვაქირავებდი მანამ, სანამ ამ კორპუსს ააშენებდნენ. ახლა ძალიან მიჭირს, 50%-ს ვაკლებ თანხას. მცხვენია, როცა შემოდის სტუმარი და ამას ხედავს...

მოსახლეობის ნაწილი ბეტონის ხედებზე მეტად უჰაერობას განიცდის. ქეთი გოგიტიძე მეორე სართულზე ცხოვრობს. არ აქვს მნიშვნელობა, დღის რა მონაკვეთია. ფაქტობრივად, შუქი თუ არ აანთო, სახლში სულ ღამეა.

2014 წელი იყო, როცა ეს სახლში შევიძინე. იმ პერიოდში ეს იყო სივრცის თვალსაზრისით ყველაზე კარგი ადგილი. შემდეგ გაჩნდა ის კოსპუსი, უკან ხედზე რომ ხედავთ, ბეტონის ფარდა. თუმცა, თურმე ყველაფერი წინ ყოფილა... - იხსენებს სახლის პატრონი.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ლაშა ზარგინავამ ბათუმში ქაოსურ მშენებლობებს არაერთი რეპორტაჟი და გადაცემა მიუძღვნა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ თავადაც მოტყუებული აღმოჩნდებოდა. ბინა 11-სართულიან კორპუსში შეიძინა. 2 წლის შემდეგ კი ინვესტორმა ზუსტად მისი კორპუსის წინ ახალი მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, შენობას სართულები კიდევ ემატება.

ხან ბეტონს გვასხამენ თავზე, ხან ბლოკი უვარდებათ. აი, ჩემი აივნის ერთი მხარე ჩამონგრეულია... მუდმივად ვართ საფრთხის ქვეშ... ასეთ გარემოში ბავშვი როგორ უნდა გაიზარდოს? აი, ზუსტად ჩემი ოჯახი ამიტომაც არ ცხოვრობს აქ... აი, ამ სიბნელები, უჰაერობაში როგორ გაზრდი... ჩემი შვილები ნამდვილად არ მემეტება... - ამბობს ზანგირავა.

კომპანიის წარმომადგენლები პოტენციურ მყიდველებს არწმუნებენ , რომ სახლის წინ არც ცათამბრჯენი და არც მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. თუმცა, როგორც ქალაქის იერსახე, შესაბამისად, ხედები წლიდან წლამდე იცვლება. საკმარისია, ბათუმის ქუჩებში ფეხით სულ რამდენიმე მეტრი გაიაროთ, რომ პრობლემა თავად შეაფასოთ. სულ რაღაც ერთი წლის წინ ნაყიდი  ბინის ღირებულება დღეს გაცილებით  ნაკლებია და შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო გაიაფდეს. 

კორპუსების მჭიდრო განლაგების გამო, ისედაც პატარა ეზოებში სრული სიბნელეა. სახლის განათებასთან ერთად დღის  4-5 საათზე გარე განათებებიც ირთვება. პრობლემების სიაშია მეზობლებთან სიახლოვეც, აივნიდან აივანზე  ხელის ჩამორთმევა მარტავადაა შესაძლებელი. ფარდის გადაწევაც კი საკმარისია, რომ  მეზობლის ოჯახის ცხოვრების უნებლიე დამკვირვებლის როლში აღმოჩნდეთ.  

ადგილობრივები ახლა უკვე საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობენ, თუმცა იციან, რომ საკუთარ სახლს იმავე ფასად, რაც მის შეძენა-გარემონტებაზე დაეხარჯათ, ვეღარ გაყიდიან.   

ასაშენებელი ადგილი ბათუმის ცენტრში თითქმის არსად დარჩა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალს მაინც პოულობს. ინგრევა ისტორიული შენობები და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსები შენდება. თავად ინვესტორები არ აღიარებენ, რომ ამ პრობლემებში წვლილი მიუძღვით. პირიქით, ამტკიცებენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, აშენებენ  და ასაქმებენ ადგილობრივებს. შენობები სიმაღლეში იზრდება, სახლებს შორის კი სივრცე ვიწროვდება და ქრება. 

ავტორები: გურანდა ავალიანი, გოგა გოგელაშვილი, საბა კვარაცხელია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი