ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის მერე აღარავის უნახავს

გამოქვეყნდა:

ესაა 18 ივნისის ის ბოლო კადრები, სადაც საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აღზრდილი გიორგი შაქარაშვილი ჩანს. ამ ღამის შემდეგ გიორგი აღარავის უნახავს.

18 ივნისის საღამოს გიორგი მეგობართან ერთად მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მეგობარი გოგოს დაბადების დღეზე გაემგზავრა, თან მობილური არ ჰქონია. წვეულებაზე ის გვიან ჩავიდა, საერთო სამეგობრომ შეკრება თბილისთან ახლოს გადაწყვიტა და ბინაც იქირავეს.

სუფრასთან თბილისის ორი უბნიდან, საბურთალოდან და ნახალოვკიდან მოწვეული ახალგაზრდები უსხდნენ და უთანხმოება სწორედ უბნური გარჩევით დაიწყო. გიორგი თავიდან კონფლიქტში არ მონაწილეობდა, ის სიტუაციას გაერიდა. ახალგაზრდები გვიან დაიშალნენ, საბურთალოელებმა გადაწყვიტეს კონფლიქტს გარიდებოდნენ და ლისის ტბაზე, ერთ-ერთ მეგობართან გაეგრძელებინათ წვეულება. თბილისში მანქანით დაბრუნდნენ, გიორგის და იქ დატოვებულ კიდევ ოთხ მეგობარს დალოდებას ან ტაქსის გამოძახებას ურჩევდნენ. კონფლიქტით უკმაყოფილო ნახალოვკელებიც თბილისში დაბრუნდნენ და სამეგობრო შეკრიბეს.

რა მოხდა ამის შემდეგ, არავინ იცის, გიორგის მეგობარი მანქანით თბილისამდე ჩამოიყვანეს და დიდუბეში დატოვეს. გიორგის ძებნა მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მხოლოდ მეორე დღეს დაიწყეს.

გიორგის გაუჩინარებამდე გზაზე სისხლიანი გარჩევა დაიწყო, ცივი იარაღით დაჭრეს გიორგის მეგობრები, რომლებიც , როგორც ირკვევა, თბილისის ზღვის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთს სახეზე და ყურზე საკმაოდ ღრმა ჭრილობები აქვს. მეორეს შედარებით მსუბუქი ჭრილობები ბარძაყის არეში აღენიშნება.

კლინიკიდან დაზარალებულები დილით უკვე სახლში გაწერეს. სად გაქრა 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი, ჯერ ისევ გაურკვეველია. მისი მეგობრები ამბობენ, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, სამაგიეროდ ფიზიკურად კარგად მომზადებულ სპორტსმენს გაქცევა და სირბილი არ გაუჭირდებოდა.

ვინ შემოდო წელის ჩანთა ხიდის კოლონაზე, და სად გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი? მთავარ კითხვას სწორედ ხეობაში ნაპოვნი ჩანთა აჩენს. ჩხუბში დავარდა, სპეციალურად მოიხსნა თუ კვალის დასაფარად ჩანთა განზრახ დააგდო, ამაზე გამოძიება მუშაობს. სამართალდამცავები უკვე მესამე დღეა კითხავენ თითოეულ ჯგუფს, თუმცა კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

ზაჰესის ტერიტორიაზე გუშინ დამბები გახსნეს და ჟინვალჰესიც გააჩერეს. მდინარეში წყლის დონის მკვეთრი დაწევის შემდეგ მაშველებმა მტკვრისა და არაგვის ფსკერი გამოიკვლიეს. თუმცა ამ დრომდე ვერაფერი იპოვნეს. ძებნის ოპერაციაში 60 მაშველი და 6 მყვინთავი მონაწილეობდა. დაკარგულის კავშირი წყალთან ამ მომენტისთვის 90%-ით გამოირიცხა. 

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან სამი დღე გავიდა, ოჯახისთვის, მეგობრებისა და კლუბისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგის დაბრუნებაა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

გამოიძიება გადაკვალიფიცირებულია გატაცების მუხლით და ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს სამხილად განიხილება, უკვე გორის პოლიციის ეზოშია გადაყვანილი. 

ფაქტია, რომ კრიმინალთან ბრძოლის ხმამაღალი განცხადებების ფონზე სისხლიანი გარჩევები, გაუჩინარება და უბნებს შორის დაპირისპირებაა არ წყდება. წლიდან წლამდე მომატებული კრიმინალი კი ქართული საზოგადოების მთავარ პრობლემად რჩება.

ავტორები: დავით აბრამიშვილი, აკა ჯორბენაძე, ავთანდილ მესხი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი