რუსული ტროლების კიდევ ერთი სადეზინფორმაციო კამპანია

გამოქვეყნდა:

პინბოლის, იგივე ჩინური ბილიარდის თამაშის დროს, მოთამაშე ბერკეტით ლითონის ბურთებს  სხვადასხვა წერტილებში ახეთქებს. კიბერუსაფრთხოების ამერიკელი მკვლევარებისთვის პინბოლის ბურთივით რთულად მოსახელთებელი იყო  ინტერნეტში ფარული რუსული დეზინფორმაციის კამპანიის კვალის დევნა. ამიტომაც, უსაფრთხოების ანალიტიკოსებმა კომპანია "Recorded Future"-თან საქართველოსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის ოპერაციას "პინბოლი" დაარქვეს.

მკლევარებმა ინტერნეტში რუსეთიდან წარმოებულ ფარულ კომპანიას კომპიუტერული ანალიზის მეთოდებით მიაგნეს და აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობებისკენ იყო მიმართული.

მაგალითად, ესტონეთის შემთხვევაში, სამიზნე თემატიკა ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროპაში  მიგრანტების კრიზისი იყო. საქართველოს შემთხვევაში კი ანტიდასავლური და ყალბი მასალების ავტორებმა საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრიანების საკითხი ამოირჩიეს.

ყველაზე საინტერესო, რაც კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით დაწერილი გაყალბებული წერილია, რომელიც გასული წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული.

ტექსტის მიხედვით, ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იანს სტოლტენბერგს შვიდი თვის წინ წერს, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად მუშაობს:

საქართველოს ლიდერშიპი მუშაობდა თქვენს წინადადებებზე, რომ აღმოიფხვრას წინააღმდეგობები საქართველოს ალიანსში ეტაპობრივი გაწევრიანების გზაზე. ისეთი მთავარი პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა ტერიტორიული უთანხმოების საკითხის მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სოციალურ-პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით, რთულად განსახორციელებელია. ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ უფრო მოქნილი სტრატეგია შეიმუშავა, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალოს.

ამერიკელმა მკვლევრებმა ტექსტი ლინგვისტების დახმარებით კარგად შეისწავლეს და მასში ისეთი გრამატიკული და სტილისტური შეცდომები აღმოაჩინეს, რომ მის სიყალბეში დარწმუნდნენ.

ყველაზე თვალსაჩინო ტიტულიანი ქაღალდის მთავარი წარწერაა, სადაც თანამდებობა თავდაცვის მინისტრი სახელობითი ბრუნვის მაგივრად, ვითარებითშია გადაყვანილი და ნაცვლად "თავდაცვის მინისტრისა" "თავდაცვის მინისტრად" წერია.

კვლევის ავტორების აზრით, გაყალბებულია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაც. ამის დასადგენად მათ წერილზე დატანილი ხელმოწერა საჯარო სივრცეში გავრცელებულ ხელმოწერას შეადარეს.

ეს დოკუმენტი პირველად სოციალურ ქსელ "რედიტში" გავრცელდა, შემდეგ კი მისი გავრცელება რუსულენოვან ფორუმებზე დაიწყო მომხმარებლის სახელით, რომელიც იქ დარეგისტრირდა "Georga Garibli"-ის სახელით და რომლის პოსტების ტონი ანტინატოურია.

წერილის მეორე ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილი თითქოს ამბობს, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოს მომზადებული აქვს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დოკუმენტები და დაგეგმილია მისი გადაცემა აფხაზებისთვის სიმბოლურ ფასად.

საინფორმაციო კამპანიის ავტორთა ტაქტიკა ასეთია: ისინი იყენებენ ინფორმაციის გავრცელების ავტომატიზირებულ საშუალებებს, სოციალური ქსელ "რედიტს" და მრავალენოვანი თარგმნის კომპიუტერულ სერვისს. საქართველოს წინააღმდეგ ეს კამპანიაც "რედიტში" დაიწყო ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც 10 იანვარს გამოაქვეყნა ფრანგულენოვანი პოსტი "ნამდვილი ქართული ოცნება". 

ავტორი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბრობს. ამბობს, რომ თუ ადრე მათი სუვერენიტეტის საკითხი ხელშეუხებელი იყო, ახლა ეს თემა ქვეყნის შიგნით განხილვის საგანია და ამ ფაქტის გასამყარებლად მოჰყავს "ქრონიკა პლიუსში" გამოქვეყნებული სტატია "განვეშოროთ აფხაზეთს, დავასრულოთ სასარგებლო იდიოტობა, მათ ძმობა არ სურთ".

სტატიის ავტორი გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ მის წერილში საერთოდ არ იყო საუბარი კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ფრანგულენოვანი პოსტის ავტორმა სათაური სათავისოდ გამოიყენა.

ამ პოსტის ავტორმა დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ ექსპერიმენტულ ნაბიჯებს დგამს.  შემდეგ ამ მოსაზრების გასამყარებლად პოსტს ღარიბაშვილის სახელით დაწერილი წერილიც მიამაგრა.

ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ავტორის მშობლიური ენა რუსული უნდა იყოს და  ცუდად უნდა იცოდეს ფრანგულიც და ინგლისურიც. 

ასეთივე მსგავსი ან ზუსტად ასეთ პოსტები ანალიტიკოსებმა სხვა საიტებზეც იპოვეს. ამ პოსტების ავტორი მომხმარებელი "გიორგი გარიბლი" ან "გარიბლიგერი" ან "გგარიბლი" იყო. ყველა შემთხვევაში მომხმარებელი საიტებზე პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე რეგისტრირდებოდა და მეტს აღარაფერს აქვეყნებდა.

ანალიტიკოსები ამ სტატიას კვალს სხვა საიტებზეც გაყვნენ, ყველაფერი აღრიცხეს და ყველა მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინეს.

ანალიტიკოსების კვლევა აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა, თუმცა საქართველოს თავდაცვის უწყებას საჯარო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

საბოლოო ჯამში, ანალიტიკოსების აზრით, კვალი რუსეთამდე მიდის, თუმცა კონკრეტული უწყების დასახელება არასაკმარისი მასალების გამო არ შეუძლიათ. კვლევა აჩვენებს, რომ კოორდინირებული მცდელობის მიუხედავად, კონკრეტულად ეს ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად დაგეგმილი კამპანია წარმატებული არ აღმოჩნდა. თუმცა, კვლევის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ პროცესი არ დასრულებულა, ზეგავლენის ოპერაციის წარმატება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეარჩევენ მსხვერპლის წინააღმდეგ თემას, რამდენად სარწმუნო დოკუმენტებს შექმნიან და რამდენად დამაჯერებლად გაავრცელებენ ამბავს.

ჩვენ თავდაცვის სამინისტროსაც მივმართეთ კითხვით, აქამდე თუ იცოდნენ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნებული წერილის შესახებ და თუ იცოდნენ, რა რეაგირება ჰქონდათ და როგორია მათი შეფასება. ჯერჯერობით, თავდაცვის უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია.

ავტორები: ლაშა კვესელაძე, გელა ყაველაშვილი, დავით გვალია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი