როგორ მუშაობს საქართველოში ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემა და როგორ ხვდებიან იქ ახალგაზრდები - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ერთ-ერთი ასეთი ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ანონიმურად ისაუბრა.
ქოლ ცენტრი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ 20 წლის ახალგაზრდას ინტერვიუდან ირკვევა, რომ მის მუშაობას უშუალოდ მფარველობდა "ქართული ოცნების" წევრი და დეპუტატი, ისკო დასენი.
რესპოდენტის თქმით, კომპანია, რომლის სახელიც ამერიკული კომპანიის (ბლექ როკი) ანალოგი იყო. თუმცა მასთან საერთო არაფერი ჰქონდა, საქართველოში იყო რეგისტრირებული და მისი მეწილეები იყვნენ ზურაბ ლეშკაშელი, მალხაზ ამოიანი, ედუარდ ამოიანი და ჩაჩი დასენი - ისკო დასენის შვილი.
მისი თქმით, ჩაჩი დასენი ქოლ ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, რაც მუშაობისთვის იყო აუცილებელი . კითხვაზე, ინფორმირებული იყო თუ არა შვილის საქმიანობასა და ქოლ ცენტრის მუშაობაზე მამამისი? რესპოდენტი პასუხობს - "ე.წ. კრიშის როლს ასრულებდა ისკო დასენი".
რაც შეეხება სქემას, როგორ მუშაობს ცენტრები? როგორც "მთავარი აქცენტების" ანონიმი რესპოდენტი ამბობს, არსებობს პროგრამა სი-არ-ემ, სადაც იტვირთება პოტენციური კლიენტების სია და მისი საშუალებით ხდება დარეკვა, ასევე პლატფორმის კონტროლი. მისივე თქმით, არსებობენ კომპანიები, რომლებიც გეგმავენ სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს კლიენტების მოსაზიდად და წინასწარ არის განსაზღვრული როგორი კლიენტებია სასურველი. მისი თქმით, ესენი არიან ადამიანების კატეგორია, ვისაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება, უნდა ფულის შოვნა და ეძებს დამატებით შემოსავალს. როგორც ირკვევა, მუშაობა შესაძლებელია თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებზე, გარდა აშშ-სა და საფრანგეთისა, რადგან ამ ქვეყნებში კონტროლი გამკაცრებულია.