მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე მუშის მდგომარეობა კი მძიმეა, მას მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული. ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

ისინი მერვე სართულის სიმაღლიდან, სავარაუდოდ, ბაგირის გაწყდომის შემდეგ გადმოვარდნენ.

ადგილობრივები „მთავართან“ მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ მუშებს სამშენებლო მასალა ზედა სართულზე სპეციალური მოწყობილობით აჰქონდათ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბაგირი გაწყდა.

გადმოვიხედე, დავინახე მიცვალებული, ეტყობა ჩამოწყდა. თქვეს, რომ ერთი წაიყვანეს და ერთი გარდაიცვალაო, ზუსტად არ ვიცი“ - ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, ნიკა კაკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი უბედური შემთხვევების ტენდენციამ ბოლო პერიოდში იმატა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ გამკაცრდეს კონტროლი სახელმწიფოს და მშენებელი კომპანიების მხრიდან.

„მუდმივ რეჟიმში არ ხდება კონტროლი იმ პირების მიერ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შრომის უსაფრთხოებაზე სამშენებლო ობიექტებზე. როდესაც არ არის ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, უნდა შეაჩეროს აუცილებლად სამშენებლო პროცესი, თუ არის რაიმე დარღვევა, უნდა შეაჩეროს სამუშაოები და არ უნდა მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ზედამხედველობის გარეშე“, - განაცხადა ნიკა კაკაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი კომპანია აწარმოებს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. მშენებლობის ადგილზე მომუშავეები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტროშიც გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ მათმა წარმომადგენელმა უკვე დაათვალიერა ტერიტორია. მათი გადაწყვეტილებით, სამუშაო პროცესი შეჩერდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი