
სუს-მა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე გამოკითხვაზე დაბარა.
მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ტელეწამყვანი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 17 საათზე გამოიკითხება.
რაც შეეხება სტატუსს. 4 აპრილს მიშა მშვილდაძე ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი ისჯება.
მშვილდაძე წერდა:
"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა".
ტელეწამყვანი ვარაუდობს, რომ სუს-ი გამოეკიდა ფრაზას "დავლეწავთ კანცელარიას", რასაც რეალურად არავითარი ქმედება არ მოჰყოლია:
"ფაქტია, რომ არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: "აბა რა ვქნათ"- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებელს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება". - ამბობს მშვილდაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო.