ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი, შესაძლოა, 2 კვირიან კარანტინში მოხვდეს

გამოქვეყნდა:

გადაიყვანენ თუ არა 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძეს ორი კვირით კარანტინში, დღეს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ მწყემსი, რომელიც ოკუპანტებმა გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, რამდენიმე საათის შემდეგ  გაათავისუფლეს.

ჯუმბერ ფსიტიძეს ოკუპანტებთან ჰქონდა შეხება, ამიტომ მას კორონავირუსზე ნიმუში უკვე აუღეს და ანალიზისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. 

რუსმა ოკუპანტებმა სამი მწყემსის მოტაცება სცადეს, აქედან ორმა გამოქცევა მოახერხა, ჯუმბერ ფსიტიძე კი ოკუპანტებმა წაიყვანეს. იგი ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს, მწყემსს ე.წ. საზღვარი. 

ადგილობრივი მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ამბობს, რომ ზაფხული არ გაივლის, ვინმე არ მოიტაცონ, მაგალითად, შარშან ამ დროს, ექვსი ახალგაზრდა ჰყავდათ წაყვანილი.

ძალიან სახიფათო ხდება უკვე საკუთარ მინდვრებში, ბაღებში მუშაობა, რადგან ისინი აბსოლუტურად დაუცველები არიან, ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს, პოლიცია, სამწუხაროდ, ნომინალურად პატრულირებს და ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტთან პირისპირ, ერთი-ერთზეა დატოვებული, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ახალუბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი