"თუ საჭირო იქნება წავალთ სტრასბურგშიც" - TI 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში დაიცავს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სამართლებრივი ბრძოლა 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების დასაცავად - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების, “მთავარის”, “ფორმულასა” და “TV პირველის”, ასევე On.ge - ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა.

სარჩელი, მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სახელმწიფომ და კონკრეტულმა უწყებებმა კონსტიტუციითა და კანონით გაწერილი ვალდებულებები შეასრულონ. ამ შემთხვევაში მათ ეს არ გააკეთეს და ჩვენ მზად ვართ, ყველა ინსტანციის სასამართლოში ვიჩივლოთ, განვიხილოთ ეს საქმე და წავიდეთ სტრასბურგშიც თუ ამის საჭიროება იქნება",-  ამბობს ეკა გიგაური. 

ამასთანავე ახლო მომავალში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ აღვიდგინოთ პირვანდელი მდგომარეობა, რაც იყო 5-6 ივლისამდე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყოს ე.წ. პრევენციული სასჯელი მთავრობისთვის, რომ მან იცოდეს, რომ გამორიცხულია რეაგირების გარეშე ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება",- თქვა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. 

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბერიძე ამბობს, რომ  5-6 ივლისის მძიმე მოვლენებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგაც კი ფაქტებს არც სწორი სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლია და არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა. მედიამენეჯერების მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ მედიაზე თავდასხმისა და ძალადობის საქმეზე ბოლომდე იბრძოლებენ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი