„ქართული ოცნების“ ყალბი სოციალური პოლიტიკა, რომელიც უდიდესი ტრაგედიის საფუძველი გახდა. „მთავარმა არხმა“ დღეს ბაღდათში გადაიღო ის ბინა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გორგოძეების ტრაგიკულად დაღუპულ ოჯახს გადასცა.
სახლის სახურავი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის, კედლებზე ბზარებია, იატაკზე მხოლოდ ბეტონია და ზამთარში აქ ყოფნა გაუსაძლისია. სწორედ ამ დიდ გამყინვარებას გაექცა ფეხმძიმე ქალი შვილებთან ერთად მიტოვებულ ხის სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა და ცოცხალი ვერავინ გადარჩა.
სახლი, რომლის გადაცემითაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მერია ამაყობდა, დღეს ექსკლუზიურად „მთავარმა არხმა“ გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ 33 კვადრატული მეტრის ფართის ორი ოთახი რეალურად მხოლოდ კედლებია, სადაც ცხოვრება შეუძლებელია.
„ფლანგვის დეტექტორის“ მონაცემებით, ბაღდათის მერია ბიუჯეტიდან ორჯერ მეტ ფულს ხარჯავს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. ეს აისახება ადამიანების მძიმე ყოფაზეც, ისინი რეგიონიდან გარბიან.
გორგოძეების ოჯახი ერთადერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ იყო, ვისაც ყოველდღიურად უკიდურესად მძიმე პირობების გაძლება უწევდა. 86 წლის ელენე გოგსაძე უკვე წლებია სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. ზამთრის სიცივისგან მოხუცს მხოლოდ ხის ქოხი იცავს, რომლის სახურავი დაზიანებულია და იატაკი და კედლები ნგრევის პირასაა. მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება 5 წლის წინ მოუხსნეს და დღემდე შიმშილისთვისაა განწირული.
გარდაცვლილების ოჯახის წევრები ტრაგედიის შემდეგ პირველად მივიდნენ საზარელი შემთხვევის ადგილას. მათ სამახსოვროდ ოჯახის წევრების პირადი ნივთების წაღება სურდათ, თუმცა ფერფლად ქცეულ სახლში ვეღარაფერი აღმოაჩინეს.
ფეხმძიმე ქალს და მის 4 შვილს, რომლებიც მიტოვებულ სახლში ხანძარს ემსხვერპლა, ხვალ დაკრძალავენ.