
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევით, გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს.
კითხვაზე, "თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?" 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.
NDI -ს თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად მხარს არ უჭერენ "ქართული ოცნების" მომხრეები, კაცები და 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.
კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%
საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის