შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, წინაპრების საფლავებზე გასვლა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
სოფელ კირბალის სასაფლაოს ნაწილობრივ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აკონტროლებენ, ნაწილს კი ქართველი სამართალდამცველები. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, წინაპრების საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებენ.
მოსახლეობას ეშინია, რომ ოკუპანტები, რომლებიც ადგილზე 24-საათის განმავლობაში პატრულირებენ, მათ დაიჭერენ და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანენ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
"ასე რუსებმა გადაიარეს საფლავთან ჩამოიარეს, ოთხნი იყვნენ. შიშით მიდიან და მოდიან ხალხი. სასაფლაოს ნახევარი ტერიტორია მაგათკენაა და გვეშინია იქ მისვლა. ერთი რომ საფლავთან მივა, მეორემ უნდა უყარაულოს, რომ ვიღაცა სადღაცა არ მოვიდეს. ჩემების[საფლავიც] მოჰყვა იქით და ვერ მივდივარ", - ამბობს კირბალის მცხოვრები, გერონტი პაპიტაშვილი.
გორის საკრებულოს დეპუტატი, გივი გინტური ამბობს, რომ "დღეს არის გასვენება, ხალხს ეშინია და ვერ მიდიან. მკვდარი ხომ მაინც უნდა დავმარხოთ საფლავზე? ნახევარზეა გაყოფილი და ჩვენი მოსახლეობა ვერ ადის, შეშინებულია. ყურადღება გვინდა მოგვაქციოს მთავრობამ, რომ საფლავი მაინც დავიბრუნოთ და საფლავზე თავისუფლად გავიდეს ადამიანი".
ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე 4 ოკუპანტი მუდმივად პატრულირებს.