"შეიგრძენი საფრთხე" - ქუთაისში ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"შეიგრძენი საფრთხე" - ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ჰესების პროექტით ქალაქის არსებობაც კი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

ნამახვანის ჰესის პროექტის მიხედვით, 105 მეტის სიმაღლეზე 1000 ჰექტარის ფართობის ჰესი შენდება, ამ ფართობში შედის 280 ჰექტარი ტყის მასივი, იგივე ფართობის სახნავ-სათესი მიწები, სამი სოფლის ასეულობით ოჯახის სახლები და წინაპრების საფლავები.  

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც წყლით დაფარვას გადაურჩება, კლიმატი აბსოლუტურად შეიცვლება. 

უნდა იყოს ენერგეტიკულად მომგებიანი, ეკონომიკურად გამართული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად გამართული. მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ არის გათვალისწინებული ის გარემოსდაცვითი და ნეგატიური შედეგები, რასაც მშენებლობა გამოიწვევს, ის მაინც გრძელდება. ჩვენი პროტესტი არ ჩაქრება, ეს არ არის ერთჯერადი აქცია, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკოლოგი მაკა ხეცურიანი.

ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, „მწვანე ალტერნატივამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს. მოსარჩელეების შეფასებით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

ბრძანება მინისტრისა, რომლითაც მწვანე შუქია ანთებული მშენებლობისთვის, არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ამის გამოა გასაჩივრებული, - ამბობს საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ზაალ გორგოძე.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ჰესების მშენებლობას, მხოლოდ არა გიგანტური კასკადური ჰესების მშენებლობას. მათი თქმით, თუ ნამახვანის ჰესის მშენებლობა გაგრძელდება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

სეისმური აქტივობების პირობებში ქუთაისის აუცილებლად დადგება კატასტროფის წინაშე. არ მინდა იმ ციფრების გამეორება, რასთანაც შეიძლება საქმე გვქონდეს. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგი შედგება არა ქვეყნის და ხალხის საჭიროებების, არამედ კონკრეტულ პირთა და მათი პოლიტიკური სარგებლისგან, - ამბობს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი გიორგი თევდორაძე. 

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადი შედგება ტვიში ჰესისგან 100 მგ/ვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესისგან 333 მგ/ვტ დადგმული სიმძლავრით. ჰესების კასკადის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგ/ვტ/სთ-ია. ის ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს, პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება კი 750 მლნ აშშ დოლარია.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი