ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის კიდევ ერთი მოქალაქე შეიყვანეს. მას მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნები აღენიშნება. ტურისტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯერ გუდაურში იმყოფებოდა, შემდეგ ბაკურიანში.
მას ჯერ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ასევე ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი კონსულტაციის მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტი შესაძლოა ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.
„მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს მწვავე რესპირაციული ინფექცია ცალსახად კლინიკურად და ის არის პეკინიდან ჩამოსული, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა, ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტს დღეს ყველა საჭირო ანალიზი გაუკეთდება, თუმცა, კორონავირუსზე მისი ანალიზის პასუხი ხვალ გასაჯაროვდება.
ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ქალი, ამ დროისათვის, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება.