დაბადების დღის წვეულება, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინციდენტით დასრულდა.
"მთავარის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პოლიციამ რესტორნის მენეჯმენტს 1500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, გია სურამელაშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც მომღერალი პოლიციის ეკიპაჟთან ერთადაა. თავად სურამელაშვილი მისი დაკავების ფაქტს უარყოფს და "მთავართან" საუბარში ყვება რომ მან სამართალდამცავებს მხოლოდ ჯარიმის გამოწერის მიზეზი ჰკითხა.
"მთავარი არხის" ინფორმაციას ადასტურებენ წვეულებაზე მყოფი სტუმრებიც და ყვებიან, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ იქ მყოფი ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღევის ფაქტზე დააკავა, თუმცა იყო თუ არა დაკავებულ პირებს შორის თავად გია სურამელაშვილი, ამაზე საუბარს მისი მეგობრები თავს არიდებენ.
რესტორნის მენეჯმენტი მომხდარს უარყოფს და ამბობს რომ პოლიციას მათთვის არც ჯარიმა გამოუწერია და არც მათ სტუმრებს მოსვლიათ სამართალდამცავებთან უთანხმოება.
რა მოხდა რესტორანში, რის საფუძველზე დააკავეს იქ მყოფი 2 პირი და გაატარა თუ არა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გია სურამელაშვილმა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შსს ამასთან დაკავშირებით "მთავართან" კომენტარს არ აკეთებს.