
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "სერიოზულობით" მიუდგნენ.
„ვიცი, რომ იზრდება შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ, რადგან ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა.
პენიტენციურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთ მათგანზე თავად სააკაშვილი ამბობს უარს. მოვუწოდებთ, ყურადღებითა და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს.
მოხარულები ვართ პრემიერის განცხადებით - მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის სურს, რომ საქართველო ამ ომის სამიზნე გახდეს.
სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთის მიმართ თავდასხმებია. იძახიან: "მოღალატე, პრორუსული პარტია, ომის პარტია და ა.შ." ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს. საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი ამას. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს: "ძალა ერთობაშია" - თქვა კელი დეგნანმა.
იხილეთ ასევე: