ვერ დადის, ვერ იღებს საკვებს, უჭირს მეტყველება,სულ სცივა, შეხვედრისას ცუდად გახდა - ასე აღწერს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის ციხის საკანი დღის ბოლოს დატოვა და კიდევ ერთი, ხმამაღალი განცხადება გააკეთა მესამე პრეზიდენტის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. ხერხეულიძე ამბობს, რომ სავარაუდო ტრაგიკულ დასასრულამდე შესაძლოა სულ ცოტა დრო იყოს დარჩენილი.
სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობას თავისი ქმედებებით ფაქტობრივად ციხის სამედიცინო პერსონალიც ადასტურებს. ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტის ანალიზები უფრო ზუსტი კვლევისთვის გერმანიაშია გადაგზავნილი. საბოლოო პასუხამდე და დიაგნოზის დადასტურებამდე სააკაშვილის მხარდამჭერები მომდევნო დღეების განმავლობაში მასზე განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვენ, გლდანის ციხეში მომხდარი სინკოპეს მსგავსი ინციდენტის გამეორების და შესაძლო ლეტალური შედეგის გამოსარიცხად.