
მესამე პრეზიდენტი უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის. ცილოვანი დეფიციტი და ელექტროლიტების დისბალანსი, გახშირებული ღებინების ფონზე, პირდაპირ მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ ნიშნულს გასცდა და შესაძლოა დღეების უკუთვლა დაიწყო.
მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად სამედიცინო განათლება აუცილებელი არაა. ახლა მთავარია დაუყოვნებლივი რეაგირება, ხელისუფლება კი დროს მიზანმიმართულად აჭიანურებს და ალტერნატიული კონსილიუმის წევრ მედიკოსებს სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად ციხეში არ უშვებს.
რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, ცენტრ ემპათიას ექიმებმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ვერ შეძლეს. კონსილიუმის წევრებისთვის არც კი განუმარტავთ, რის საფუძველზე დაარღვია კანონი რატი ბრეგაძის უწყებამ. სიმპტომები, რომელიც კიდევ უფრო გამოხატულია, ექიმებს კიდევ უფრო საგანგაშო პროგნოზის საშუალებას აძლევს. ვიზიტორები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იღებს წყალს, შენელებული აქვს მოტორიკა და ვერ გადაადგილდება. მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი უკანასკნელ ნაბიჯებს დგამს საკუთარი თავის გადასარჩენად.
ავტორი: ზურა პეტროსიანი