თეა წულუკიანის მორიგი განაჩენი შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის მიმართ - ასე აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც აპირებენ, მუზეუმის შენობას გარედან ლიფტი მიაშენონ.
რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე კულტურის სამინისტროს არ გაუსაჯაროებია, თუმცა ცნობილია, რომ რამდენიმე სართულის რეაბილიტაციისთვის წულუკიანის უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და რემონტისთვის 10 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ამგვარი რეაბილიტაციის შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრეს.
"წულუკიანის უწყება არის აბსოლუტურად ჩაკეტილი უწყება, რომელიც არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. მის მიერ კანონი ინფორმაციის გაცემის შესახებ ირღვევა ლამის ყოველდღიურად. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რა პროექტზეა საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ ისეთი მნიშვნელობის ძეგლზე, როგორიც არის ხელოვნების მუზეუმის შენობა, რომელსაც აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, ნებისმიერი ტიპის მშენებლობები მასთან, უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ჩატარდება, მოახდენს ზემოქმედებას ისტორიულ შენობაზე. არ შეიძლება ერთი მინისტრის ან ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებით ხორციელდებოდეს ასეთი მნიშვნელობის პროექტები", - თქვა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ.