ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, სოციალური აგენტები მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

სოციალური აგენტები მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ. 21-დღიანი მედიაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულდა, სოც. აგენტების მოთხოვნა ხელფასის მატებასა და ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა და მედიაციის პროცესი შეაჩერა. აგენტები ამბობენ, რომ დასაკარგი აღარფერი აქვთ, 13 წელია მათი ხელფასი არ გაზრდილა და ახლა მაშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

ამბობენ, რომ მათი კოლეგების უმრავლესობა შიშით ცხოვრობს, თუ ღიად ისაუბრებენ საკუთარი  პრობლემების შესახებ, ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.

სოციალური აგენტის ხელფასი 80 ლარია, დანარჩენი კი გამომუშავებაზეა დამოკიდებული - ერთი ოჯახის შემოწმებაში 4,80 თეთრი ერიცხებათ, რაც ხშირად სამგზავროდაც არ ჰყოფნით. პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო დამძიმდა, სამინისტრომ 80 ლარი გაუორმაგა და კორონა პანდემიის დროს ოჯახებს 160 ლარით უწევდათ თავის გატანა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ აგენტები იტყუებიან და საგანგებო მდგომარეობის დროს 300-ლარიანი სახელფასო დანამატი აიღეს. გიორგი წოწკოლაური თანამშრომლებს პირდება, რომ ხელფასებიც და ხელშეკრულებებიც გადაიხედება და სოციალური აგენტების პრობლემები მოგვარდება, ოღონდ როდის, ამას ჯერ ვერ ამბობს.

რეგიონში მცხოვრები სოციალური აგენტების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ოჯახის შესამოწმებლად მათ ხშირად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ, ხარჯავენ იმაზე მეტს ვიდრე იღებენ.

ისინი, ვინც მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, ახლა პირადად მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ფიქრობენ, რომ შუამავლით მოლაპარაკებებმა არ გაამართლა, ამიტომ, ორშაბათამდე თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ათობით აგენტი გაიფიცება.

ეკატერინე ტიკარაძისგან არგუმენტირებულ პასუხს ელოდება ოპოზიციაც. პარლამენტის დამოუკიდებველი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს  ხელფასები უნდა გაეზარდოთ და იურიდიულად გამართული ხელშეკრულება გაუფორმდეთ.

სოციალურ აგენტებს გაფიცვის უფლება უკვე აქვთ. 280 დან 100-მდე თანამშრომელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ღიად აპირებს პრობლემების შესახებ საუბარს, ახლა ჯერი ჯანდავის მინისტრზეა - შეხვდება და მოაგვარებს თუ არა სოციალური აგენტების მოთხოვნებს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი