უშემოსავლოდ დარჩენილი თვითდასაქმებულები საპროტესტო აქციებს იწყებენ. ამ წუთებში ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ათობით თვითდასაქმებულია შეკრებილი, რომლებიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ იღებენ.
აქციის მონაწილეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობეს, რომ მათ არ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური საქმიანობა და შესაბამისად, სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებდნენ.
ადგილზე მყოფი ტაქსისტები, გარემოვაჭრეები და ძიძები დილიდან ცდილობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში საბუთების შესწორებას. მათი თქმით, რამდენჯერმე მოუხდათ დოკუმენტების ჩასწორება, თუმცა ამაოდ. უშემოსავლოდ დარჩენილი თვითდასაქმებულები 1 ივლისამდე კვლავ 300-ლარიანი დახმარების მოლოდინში რჩებიან.
აქციის მონაწილეებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც შეუერთდა და შემოსავლის გარეშე დარჩენილ პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ დროული ზომები უნდა მიიღოს, რათა მოქალაქეები შიმშილს გადაურჩნენ.
მილიარდელი ივანიშვილის პირობებში, ზვიგენს რომ 100 ათასობით ლარის საკვებს აჭმევს ყოველდღიურად, იმ მილიარდელმა ასეთ დღეში ჩააგდო ჩვენი მოქალაქეები... სამგორის რაიონის მაცხოვრებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ, აბსოლუტურად ყველა საბუთი აქვთ წესრიგში, მაგრამ ერთჯერადად 300 ლარს რომ დაპირდნენ, იმასაც არ აძლევენ, - აცხადებს ხაბეიშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ სახლიდან შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა, თუმცა სხვადასხვა ბაზებში არსებული ხარვეზების შემთხვევაში, საჭიროა მათი ჩასწორება, რის გამოც კომპენსაციების გაცემა დროში იწელება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად საბუთების ჩაბარების ვადა 1 ივლისამდე მისცა.