მიტოვებული საოკუპაციო ხაზი - მოქალაქეები ხელისუფლების უყურადღებობაზე მუდმივად საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტი არ არის.
მავთულხლართებთან მცხოვრებლებისთვის ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ ის საოკუპაციო ხაზთან არასდროს ყოფილა.
"მავნებელი ხალხია. ჩვენ უნდა ავკრძალოთ ყველაფერი, რაც რუსულია, რუსული წარწერები, რუსული სიმღერები და არც რუსები უნდა შემოვუშვათ საქართველოში. კობახიძე არის ნეგატიური მოვლენა. კობახიძე რა არის იცი? აი, ღმერთს რომ ხალხი არ სჭირდებოდა, მაშინ არის დაბადებული", - ამბობს ადგილობრივი.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს კობახიძის განცხადება არ უკვირთ. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოს პრორუსული პარტია მართავს, რომლის პრიორიტეტი არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა და არც ოკუპანტების პირისპირ მცხოვრები მოქალაქეები.
"სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია კობახიძის განცხადება. სამ კილომეტრში ოკუპირებულია და არცერთი წარმომადგენელი არ მინახავს ამდენი ხნის განმავლობაში. ეს არის რუსული ხელისუფლება და რა უნდა გააპროტესტონ? საკუთარ თავს ხომ არ გააპროტესტებენ?! წარმოუდგენელია, კობახიძის განცხადება რაც მოვისმინეთ - ამაზრზენია", - ამბობენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს: "მთავრობას ფეხებზე ვკიდივართ. არის მთავრობა? მე რა ვიცი". მათივე თქმით: "სააკაშვილი, [იმეორებს] ეს მთავრობა, სააკაშვილი ხომ გადადგა? ხომ აღარ არის... ჩვენ მაშინ უფრო თავისუფლად ვცხოვრობდით".
ხელისუფლების განცხადებების ფონზე კი ე.წ. გამყოფ ხაზთან მოქალაქეების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ადგილობრივების თქმით, ფორმიანები მათს მიწებს იტაცებენ, ოკუპირებულია საძოვრები და არც წინაპრების საფლავებზე მისვლის საშუალებას აძლევენ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.