"უკრაინა მისთვის მეორე სამშობლო იყო" | რატი შურღაიას საქართველოში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის, რატი შურღაიას ოჯახს საკონსულოდან დაუკავშირდნენ. არსებული ინფორმაციით, ქართველ სამხედროს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რატი შურღაია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა და კანტუზია მიიღო, რის გამოც კიევის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და იქ სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში უნდა ემკურნალა, თუმცა 5 დღეში კლინიკა დატოვა და ისევ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

"გუშინ, ღამის 10 საათზე მირეკავს ჩემი გოგო, მამიკო, დაიღუპა რატიო. რაო შვილო, მე ვუთხარი, დამიკავშირდა-მეთქი და ველაპარაკე-მეთქი. მაღალმა წნევამ აუწია, წავიყვანეთო საავადმყოფოშიო და წნევა ვერ დავაგდეთო. წაიყვანეს [კიევის] საავადმყოფოში, იქ 5 დღე ყოფილა. თურმე არ შეიძლებოდა, 2 კვირა უნდა ყოფილიყო ნემსების ქვეშ და განძრევა არ შეიძლებოდა თურმე. ეს 5 დღე გაჩერებულა, მეორე სართულზე ყოფილა, იქიდან გადამხტარა და წასულა, აქ რა მინდაო, საავადმყოფოშიო", - ყვება დაღუპული ჯარისკაცის მამა, თენგო შურღაია.

გარდაცვლილის მეგობარი, გიორგი სვანიძე ამბობს: "მიიღო კანტუზია, შემდეგ კიევში საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც 5 დღე იყო, მეორე სართულიდან ჩამოხტა და ჩაერთო ბრძოლაში".

"მთავარი არხი" შურღაიას მეუღლეს დაუკავშირდა, რომელიც უკრაინელია. ის ამბობს, რომ ქართველ სამხედროს უკრაინა მეორე სამშობლოდ მიაჩნდა და ამიტომაც იბრძოდა მისი თავისუფლებისთვის. 

"ჩემი ქმრით ვამაყობ. არ მინდოდა ტრაგიკულად დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის გმირია. რატის არ ჰქონდა სამხედრო განათლება, მაგრამ უკრაინა მისთვის მეორე სამშობლო იყო და გადაწყვიტა, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა. 3 წელია ერთად ვართ და ახლა ძალიან ცუდად ვარ", - ამბობს ლენა დოროშკო. 

ცნობისთვის, 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი