გასულ წელს საქართველო 80 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა, დატოვა სამუდამოდ ან ძალიან, ძალიან დიდი ხნით... ეს ხალხი წავიდა იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში ვერც თავისი ადგილი დაინახა, ვერც შვილების მომავალი, და ვერც ღირსეული ცხოვრების შანსი. ქვეყანა, რომელიც თბილი და მყუდრო თავშესფარი აღმოჩნდა სანქციებს გამოქცეული ათიათასობით რუსისთვის, დღეს საკუთარ მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობს გარდა სიღარიბისა და დამცირებისა.
ჩვენი ყველა ისტორიული დამპყრობლისა და მაოხრებლის ოცნება, საქართველო ქართველების გარეშე, დღეს სრულდება, და ეს ჩვენივე ნებით ხდება. 2021 წელი საქართველოს ისტორიაში მოქალაქეების გადინების მხრივ ყველაზე ცუდი იყო, გამონაკლისი არც 2022 იქნება. "მწვანე ბარათის" გათამაშებაზე 3 მლნ-იანი ქვეყნიდან განცხადი შეტანილი ჰქონდა 112 000-ს. შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, და ცნობილია რომ 3 000-ზე მეტი რეგისტრანტი სავარაუდოდ სამუდამოდ დატოვებს სამშობლოს.
სხვები ალბათ ევროპულ ქვეყნებს მიაშურებენ, ან მექსიკის უდაბნოებში ხეტიალით შეცდებიან საკუთარი ოცნებების ასრულებას. "ოცნების" ხელისუფლება კი არათუ გულგრილად უყურებს როგორ იცლება ქვეყანა, ხშირად პირიქით - ამ პროცესს ახალისებს კიდეც.