პირბადები და ხელთათმანები შავი ზღვის სანაპიროზე. კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი თავდაცვის საშუალებები ზღვაში დიდი რაოდენობით ყრია. ისედაც დაბინძურებულ წყალს სახიფათო ახალი ნარჩენები დაემატა. „ბათუმელებმა“ ზღვის ზედაპირსა და წყალქვეშ გადაღებული ფოტომასალა გამოაქვეყნა, სადაც ის მძიმე სურათი ჩანს, რაც აჭარის რეგიონში ხდება.
მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, ბათუმის სანაპიროზე ერთჯერად პირბადეებსა და რეზინის ხელთათმანებს შეხვდებით. რამდენად გადამდებია ინფიცირებული პაციენტის ან უბრალოდ ზღვაში
ჩაგდებული გამოყენებული პირბადე ან ხელთათმანი? ეპოდემიოლოგები და ინფექციონისტები შესაძლო
რისკებზე საუბრობენ.
ეკოლოგები ახალი სახის ნარჩენების გამრავლებაზე საუბრობენ. კახა გუჩმანიძე სანაპირო ზოლის არაეფექტური მართვისთვის პასუხისმგებლობას ბულვარის ადმინისტრაციას აკისრებს.
ბათუმში დამსვენებლებს სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელი ხვდებათ. პლაჟის დაბინძურებისთვის სანქციებია დაწესებული -80-ლარიანი ჯარიმა. დანაგვიანების შედეგი კარგად ჩანს, თუმცა რეალობის მიუხედავად ჯერ არავინ დაჯარიმებულა. გასულ წელს კი მხოლოდ 15 ადამიანი დააჯარიმეს. ნაგვის 83 %- პილიეთილენი და პლასტმასია. ბულვარის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში ორჯერ ასუფთავებენ, ზაფხულის სეზონი გაიხსნა და აი ახლა, უახლოეს მომავლში გეგმავენ წესების გამკაცრებასა და სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას.
სანამ ადგილობრივი ხელისუფლება სანაპირო ზოლის მოწესრიგებაზე იზრუნებს, დამსვენებლებს გამოყენებული და გადაყრილი პირბადეებითა თუ რეზინის ხელთათმანებით დაბინძურებული ბათუმი ხვდებათ. ამ ტიპის ნარჩენები კი, ეკოლოგიური კატასტროფის გარდა, შესაძლოა ვირუსის გავრცელების კერად იქცეს.