"ბატონი მიხეილი მკურნალობას აგრძელებს თერაპიულ განყოფილებაში..." | ნინო ნადირაძე

გამოქვეყნდა:

"ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღეს მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, ჩაუტარდა კვლევები და გუშინ სრული კომპიუტერული ტომოგრაფია", - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე მედიასთან საუბრობს და საქართველოზე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. 

ამბობს, რომ "ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის". მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თითოეული კვლევა შეთანხმების შემდეგ უტარდება:

თვითონ პაციენტთან გვაქვს შეთანხმებული ყოველთვის ნებისმიერი კვლევა, რასაც ვუპირებთ, ბატონ მიხეილს ამაზე, რა თქმა უნდა, მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ამის შემდეგ ის გვაძლევს თავის ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება.

პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას და მწყინს ხოლმე, როდესაც თქვენგან მესმის სხვადასხვა შეფასებები. თავს ვიკავებთ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში, თვითონ ბატონი მიხეილისვე სურვილით, რომ სწრაფად, ფორსირებულად არ მოხდეს ამ კვლევის ჩატარება. 

ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტურმენტული კვლევები, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა სრული, - ამბობს ნინო ნადირაძე.

ის მედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს კიდეც - "რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ არ ამბობენ, მე მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ ეს პაციენტის ჯანმრთელობას ეხება, ეს არ არის საჭორაო თემა". ამბობს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და პირად ექიმს სრული დოკუმენტაცია გადასცეს, თუმცა, "ეს არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი".

მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე, პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას პაციენტი არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენი მკურნალობის ტაქტიკაზე, არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგ, - ამბობს ნადირაძე.

შეკითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კვლევების დასრულების შემდეგ, პარასკევს კვლავ ციხეში დააბრუნებენ, ნადირაძე ასე პასუხობს: "მე მინდა ბატონი მიხეილი იყოს კარგად, მე მინდა პაციენტი იყოს კარგად და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვინ რას აპირებს, არ ვიცით".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი